ადამიანები ოჯახის წევრებს კარგავენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ესაა ყველაზე საშიში მოვლენა. გახლეჩილი საზოგადოება მეტად მოწყვლადია და შეიძლება ეს რადიკალური განწყობები ვიღაცამ მართოს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საკუთარი სამშობლოს მიმართ საბოტაჟი და აქედან გამომდინარე ულტიმატუმები ვერ გახდება შეთანხმების თუ კომპრომისის საფუძველი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ოჯახის წევრები ერთმანეთს კარგავენ.

„ჩვენ ერთადერთი ყველაზე მძიმედ რასაც ვიღებთ, ეს არის გახლეჩა. ადამიანები, ოჯახის წევრები ერთმანეთს კარგავენ, ეს არის ყველაზე მეტი საფიქრალი და საზრუნავი, რომელსაც ალბათ რაღაც უნდა დავუპირისპიროთ და ამაზე ბევრს ვფიქრობთ. მე პირადად, როგორც ერთ ადამიანს და არა მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ძალიან ბევრთან მქონია საუბარი იმათთან დაკავშირებით, რომ ადამიანები მეგობრებს კარგავენ, ადამიანები ოჯახის წევრებს კარგავენ, შედიან დაპირისპირებაში და საზოგადოების გახლეჩა ამგვარად, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ფაშისტური მიდგომების და ამის საზოგადოებაში რეალიზების გამო ერთმანეთს კარგავენ, არის ყველაზე საშიში მოვლენა და სამწუხარო. იმიტომ, რომ გახლეჩილი საზოგადოება მეტად მოწყვლადია და მეტად შეიძლება ეს რადიკალური განწყობები ვიღაცამ მართოს.

თუ ჩვენ მივხვდებით იმას, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო, არ შეიძლება ოჯახის წევრებს შორის ასეთი დაპირისპირებები, მეგობრებს შორის ასეთი დაპირისპირებები, როგორიც ახლა ჩანს საზოგადოებაში, თუ მეტად გვეყვარება ერთმანეთი და თუ ნაკლებად ჩავრთავთ პოლიტიკას ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში, მგონია, რომ უფრო მალე მოვახერხებთ ამ ისტერიული ფონის გადალახვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.