9 აპრილს ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის, იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ მითითებები მიგვეღო ტალინიდან და ვილნიუსიდან - მოვუწოდებ მათ, ხელი აიღონ ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

9 აპრილს გამოვედით და ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ვიბრძოლეთ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეხსნა საბჭოთა მოსკოვის დიქტატისგან. ჩვენ იმისთვის არ ვებრძოდით, რომ შემდეგ მითითებები მიგვეღო ტალინიდან და ვილნიუსიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან მოუწოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან თავი შეიკავონ და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს.

„რაც შეეხება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვხედავთ, რომ უკვე ოპოზიციაც კი არ განიხილავს მას. ამ ადამიანის მტრული რიტორიკა და მტრული ნაბიჯები ქართველი ხალხის მიმართ, უკვე ფაქტია და არა შეფასება. ვხედავთ ანტიდემოკრატიული ტენდენციებს, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, რომ ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველოში ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. მოვუწოდებ მათ, რომ ხელი აიღონ ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან და პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს. ბალტიისპირეთის ქვეყნებს რომ მოვუსმინოთ, თითქოს მათი მთავარი საზრუნავია მათი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და განსაკუთრებით შიშები აქვთ რუსეთის მიმართ. ახლა ჩვენ რას გვასწავლიან შიშებს და რისკებს - ჩვენნაირად გაევლოთ ის ბრძოლები, რაც ჩვენ გავიარეთ, მაგრამ როგორც, ჩანს ფიქრობენ, რომ რაღაცა ჩვენზე მეტად ესმით, სუვერენიტეტზე საუბრობენ და თავად უხეშად არღვევენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის.

ჩვენ რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ 9 აპრილს, ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. 9 აპრილს გამოვედით და ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ვიბრძოლეთ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეხსნა საბჭოთა მოსკოვის დიქტატისგან. ჩვენ იმისთვის არ ვებრძოდით, რომ შემდეგ მითითებები მიგვეღო ტალინიდან და ვილნიუსიდან და სამწუხაროა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებსაც წესით ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ რას ნიშნავს, ასე ვთქვათ ცენტრის ქედმაღლობა, მისი წარმოდგენით პერიფერიის მიმართ, ახლა თავად რომ იქცევიან იმ სტილში, როგორც იქცეოდა საბჭოთა მოსკოვი თბილისის, ტალინსა და ვილნიუსთან მიმართებაში, ახლა თავად რომ ემსგავსებიან საბჭოთა მოსკოვს, მე მგონი, ეს მომენტია, როდესაც ცოტა თვითრეფლექსია უნდა ჰქონდეთ. ჩვენ სუვერენიტეტისთვის იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ახლა ტალინიდან გვკარნახობდნენ ქართველ ხალხს ვინ აირჩიოს და როგორ განვითარდეს. სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს ყველამ, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპი და თუკი მათ რაიმე არ მოსწონთ როგორც თვითონ ამბობენ რუსეთის საქციელში, არ მოსწონთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და თვითონაც ნუ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს და ნუ შელახავენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.