4 ოქტომბერს დაანონსებული ვერშემდგარი დამხობა და პარალელები ნეპალში განვითარებულ მოვლენებთან - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარზე საუბრობს​

 შალვა პაპუაშვილი

4 ოქტომბერს, 4 საათზე დაანონსებული ვერშემდგარი დამხობა და პარალელები ნეპალში განვითარებულ მოვლენებთან - "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს ოპონენტების იმ გეგმებზე აკეთებს, რომლებიც, მისივე თქმით, ქვეყანაში ქაოსს და არეულობას გამოიწვევდა. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, საქართველო 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა, ხელისუფლების დამხობის გეგმის ავტორები კი დამარცხდნენ.

განცხადებასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვიდეომასალაც გამოაქვეყნა. 4 ოქტომბრამდე გაკეთებულ განცხადებებში აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ნეპალში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აანონსებენ.

ოპოზიციიდან ამ თემაზე საუბარი დღეს არავინ ისურვა, მათ შორის, არც იმ პოლიტიკოსების ნაწილმა, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებენ. ერთადერთი, ვინც ხელისუფლების ოპონენტებიდან კომენტარი გააკეთა, "გირჩის" ლიდერია.

პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილ შტურმსა და ძალადობაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ უმრავლესობის წევრები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობა აქციაზე მისულ ყველა ადამიანს ეკისრება. მოძალადეებზე სამართლებრივი ზომები მოქმედებს, დანაშაულზე კი, სახელმწიფოს ყოველთვის შესაბამისი რეაგირება ექნება.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტები კანონის ჩარჩოდან გავიდნენ, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი გეგმები კი, სახელმწიფოს სწორი და დროული რეაგირების შედეგად ჩავარდა.