3 თვის განმავლობაში კომისიამ უაღრესად დიდი სამუშაო გასწია, 3 სექტორის მიმართულებით 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით - შეიქმნა სოლიდური დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ბაზრის სტრუქტურას და შესაძლო რისკებს - შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი

 სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა დოკუმენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ კომისიის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, რომელიც ბაზრის სტურქურას და შესაძლო რისკებსაც ითვალისწინებს:

"3 თვის განმავლობაში კომისიამ უაღრესად დიდი სამუშაო გასწია. საერთო ჯამში, 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით, ამ 3 სექტორის მიმართულებით. საკვებ-პროდუქტების ნაწილში შევხვდით, როგორც მწარმოებლებს, ასევე, იმპორტიორებსა, დისტრიბუტორებსა და საცალო ქსელებს. შევისწავლეთ მათი ბიზნეს-მოდელები, საოპერაციო ხარჯები მორგების მარჟები და ის ფასწარმოქმნის სტრუქტურა, რომელიც იწვევს საბოლოო ფასის ფორმირებას. აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია ბაზრის სრულყოფილ შესწავლაზე.

ასევე, კვლევამ გამოავლინა, რომ მნიშვნელოვნად წარმატებული რეფორმა იყო რეფერენტული მოდელი, სადაც მომხმარებელს შეეძლო, რომ რეფერენტი მყოფი მედიკამენტის ნაწილშიო 40%-იანი ფასდაკლება მიეღო.

მიმაჩნია, რომ ძალიან სოლიდური დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ასევე, ითვალისწინებს ბაზრის სტრუქტურას და შესაძლო რისკებს," - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

დასკვნა ჯერ ბიუროს წარედგინება, შემდეგ კი დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება. დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს დადგენილებას შემუშავებული აქტის თაობაზე.

შეგახსენებთ სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და უკვე 11 სხდომა ჩაატარა.