პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1735244505
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიას ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის საორგანიზაციო საკითხები გააცნო.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.
„29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ცერემონიების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 40 წუთი.
ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც, როგორც იცით, შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
ცერემონიის გაშუქებასთან დაკავშირებით, 29 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაციები გაცემული. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ გააშუქოს ეს ღონისძიება, მიმართოს საქართველოს პარლამენტის პრესცენტრს. ჟურნალისტებისთვის B კორპუსის ნულ სართულზე მოწყობილი იქნება რუსთაველის დარბაზში მედია სივრცე, სადაც შესაძლებლობა გეყენებათ, რომ ეკრანზე ადევნოთ თვალ-ყური ინაუგურაციის ცერემონიას და ასევე ჩაწეროთ რესპონდენტები. თავად პროცესის გადაღება უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ და ასევე სიგნალი პირდაპირი ეთერისთვის მიეწოდება ყველა მედიასაშუალებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.