საპატრიარქო ჯვრის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1739458511
პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.
სხდომამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი აირჩია, კომისიის მდივნად კი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი - სოზარ სუბარი.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის საქმიანობის მთავარი შედეგი იქნება დოკუმენტი, ისტორიული მნიშვნელობის დასკვნა და კომისიის მუშაობა დაეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს.
„ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გარკვეული წლების შემდეგ ჩაიხედავს ამ დოკუმენტში, ეცოდინება ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003 - 2012 წლებში. აი, ეს არის მთავარი!
ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის დასკვნა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარვადგენთ, იყოს ღირსეული და მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
დღესვე, კომისიის წევრებმა კომისიის დებულების პროექტი შეიმუშავეს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ რეჟიმის შეფასებისას, კომისია დაეყრდნობა ქართული სასამართლოების განაჩენებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ანგარიშებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს.
„არაერთ მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენია დამდგარი ქვეყნის შიგნით ქართული სასამართლოების მხრიდან. ჩვენ მოგვიწევს ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რასაც ჰქვია Res judicata. ჩვენ არ ვართ ის ორგანო, რომელმაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შეიძლება გადასინჯოს ან გადახედოს. ჩვენ ასეთ განაჩენებს გამოვითხოვთ და მათ დავეყრდნობით რეჟიმის შესაფასებლად. ასევე, იმავე პრინციპით, ჩვენ დავეყრდნობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ასეთიც არაერთი არსებობს და გამოვიყენებთ ამ მასალას, როგორც უკვე შემდგარ ფაქტს იმიტომ, რომ ამ განაჩენებსა და გადაწყვეტილებებში ყველა ფაქტი შესწავლილია, დახასიათებაც მოცემულია და უფრო მეტიც -კვალიფიკაციაც, ან სანქციაა დამდგარი სტრასბურგში ან სასჯელი საქართველოში. ეს იქნება ჩვენი ინფორმაციის მეორე წყარო. მესამე წყარო კი, ახალი ინფორმაციები იქნება“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისია ყველა მიმართულებით იმუშავებს, იქნება ეს სასჯელაღსრულების, სასამართლოს, ჩამორთმეული ქონებების, საჯარო მოხელეების, არჩევნების თყ სხვა რომელიმე მიმართულება.
„ომის ნაწილში, ჩვენ დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით. შესაძლებელი იყო თუ არა, თუნდაც ის, რომ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთის წინააღმდეგ უკეთესად მომზადებულიყო და ცხელ კვალზე, ასე ვთქვათ, მოგებულიც ყოფილიყო“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.როგორც თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომისიის მიერ მოსმენაზე მოწვეულ პირს კანონით აქვს ვალდებულება ითანამშრომლოს კომისიასთან.„ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ დროებით საგამოძიებო კომისიასთან ეს კითხვა არ დგას, რადგან კანონით მათ აქვთ თანამშრომლობის ვალდებულება და თუ რომელიმე მათგანი, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიწვევთ მოსმენაზე, უარს განაცხადებს მობრძანებაზე, ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.