ზელენსკის თქმით, „ჰუსიტების“ ტყვეობაში ოთხი უკრაინელი მეზღვაური იმყოფება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ჰუსიტების“ ტყვეობაში ოთხი უკრაინელი მეზღვაური იმყოფება. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მათ დაბრუნებაზე იმუშავებს.

„წითელ ზღვაში ვითარება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამან გავლენა იქონია უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ახლა ჩვენი ოთხი მეზღვაური „ჰუსიტების“ ტყვეობაში იმყოფება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, წუხელ აშშ-მა და ბრიტანეთმა ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდებისა და ბაჰრეინის მხარდაჭერით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს. მანამდე, „ჰუსიტებმა“ რაკეტებითა და დრონების გამოყენებით წითელ ზღვაში გემებზე მასირებული იერიში მიიტანეს.