ზელენსკი: ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს

ზელენსკი

ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები რუსების დარტყმების ადგილებზე მუშაობას განაგრძობენ. ეს მასშტაბური თავდასხმა იყო, რომლისთვისაც რუსები დიდხანს ემზადებოდნენ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების კომბინირებით, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 12 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე, თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს, ხოლო ჩერნიგოვის ოლქში ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას.

„სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მოსკოვი ბალისტიკურ რაკეტებსა და ესკალაციაში ინვესტიციას დებს, მსგავს თავდასხმებს ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოსგან სათანადო რეაქცია. ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს. ჩვენ Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები ყოველდღიურად გვჭირდება. ყოველი დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ინარჩუნებს. მადლობა ყველას, ვინც დახმარების გზებს ეძებს და პოულობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.