ჯარიმა 500 ლარია - ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
1761164427
სანქციების მე-19 პაკეტი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ის ემთხვევა ენერგოსექტორზე სანქციების დაწესების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელ გადაწყვეტილებას. ჩვენ ამას ველოდით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ სანქციების იმუშავებს.
„გეთანხმებით, რუსეთი არ აჩვენებს, რომ ომის შეწყვეტა სურს. ისინი თავს გვესხმიან. ისევ იხილეთ თავდასხმა საბავშვო ბაღზე, სკოლებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე. ისინი ზრდიან ზეწოლას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ თავი ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, ზეწოლა უნდა განვახორციელოთ პუტინზე, შეწყვიტოს ომი. ზეწოლა ნიშნავს სანქციების პაკეტს, შორი რადიუსის რაკეტებს, თავდაცვას და, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარდაჭერას, რომელზეც ვისაუბრებთ დღეს. ერთიანობაა მთავარი და მადლობა ამისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კითხვაზე, რა გავლენას იქონიებს ევროპული და ამერიკული სანქციები, ზელენსკი პასუხობს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი უფრო მკაცრია და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული სანქციებიც.
„ეს კარგი სიგნალია სხვა ქვეყნებისთვის, შეუერთდნენ სანქციებს, რადგან საჭიროა, დასანქცირდეს ჩრდილოვანი ფლოტი და სხვა სექტორებიც, ვიდრე ვლადიმერ პუტინი ომს არ შეწყვეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კიდევ ერთ კითხვაზე, კვლავ შესაძლებელია თუ არა ცეცხლის შეწყვეტა, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ის შესაძლებელია. ზელენსკის მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყველას სჭირდება და ამისთვის საჭიროა რუსეთზე ზეწოლა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს.
რაც შეეხება, „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემის საკითხს, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, რომელზეც გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მიიღოს. ზელენსკის თქმით, ყველას წარმოუდგენელი ეგონა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებდა რუსეთს, თუმცა ეს მოხდა და ამიტომ „ტომაჰავკების“ გადაცემასაც არ გამორიცხავს.
ცნობისთვის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი სლოვაკეთის მიერ ვეტო-ს მოხსნის შემდეგ დაამტკიცა.