ზელენსკი: მოგიწოდებთ, იპოვოთ გზა, რომ ევროკავშირმა შეასრულოს დაპირება, რადგან უკრაინა ასრულებს თავის დაპირებას

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, იპოვონ გზა ხელოვნური ბლოკადის მოსახსნელად და გახსნან უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერები.

ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხანგრძლივი დაბლოკვა უკრაინისთვის და ევროპისთვისაც უსამართლოა.

„უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რაც აუცილებელია კლასტერების დროულად გასახსნელად. ბლოკადა ხელოვნურია და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა წინსვლისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს მეტ სტაბილურობას ევროპაში და, ასევე, ეს არის საერთო თავდაცვისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილი.

„მოგიწოდებთ, იპოვოთ გზა, რომ ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება, რადგან უკრაინა ასრულებს თავისას“, – თქვა ზელენსკიმ.