ზელენსკი: არ შეიძლება, რუსებს არ სცოდნოდათ შედეგებზე, რაც სლავუტიჩის ობიექტებზე დარტყმებს ჩერნობილისთვის მოჰყვებოდა, ეს იყო მიზანმიმართული

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იერიშების გამო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს ელექტროენერგია სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

ზელენსკის თქმით, შეუძლებელი იყო რუსულ მხარეს თავდასხმისას ამ შედეგების შესახებ არაფერი სცოდნოდა.

„არ შეიძლება, რუსებს არ სცოდნოდათ, რომ სლავუტიჩის ობიექტებზე დარტყმას ასეთი შედეგები მოჰყვებოდა ჩერნობილისთვის. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა, რომლისთვისაც გამოიყენეს 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი – წინასწარი შეფასებით, რუსულ-ირანული „შაჰედები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იერიშების გამო უკვე მერვე დღეა,  ელექტროენერგია გათიშულია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე.

„რუსეთი შეგნებულად ქმნის რადიაციული ინციდენტების საფრთხეს, სამწუხაროდ, სარგებლობს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და დირექტორ რაფაელ გროსის სუსტი პოზიციით, ასევე გლობალური ყურადღების გაფანტულობით. მნიშვნელოვანია,  ევროპის ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა, „დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა რეალურად იმოქმედონ მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. საჭიროა ძლიერი რეაგირება და შესაბამისი ზეწოლა რუსეთზე სიცოცხლის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.