ყაზახეთში სპექტაკლს მსხვილი მოთამაშეები წარმართავენ  - რუსეთი, ამერიკა და ჩინეთი -  ვინ და რატომ იყენებს ადგილობრივ პროტესტს საკუთარი მიზნებისთვის

აქცია

მასობრივი პროტესტის ფონზე, ყაზახეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბუნებრივი არის გაძვირებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ყაზახეთში მსხვილი მოთამაშე ქვეყნები ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის იყენებენ.  მისივე თქმით, პროტესტანტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომპრომისის მიღწევის შანსი ნაკლებია. 

„ყაზახეთის სახელისუფლებო ელიტამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში ვითარება ამ მდგომარეობამდე მისულიყო. სახელისუფლებო ელიტა იმდენად გათავხედდა, რომ შეგნებულად მიიყვანეს საქმე ექსცესამდე. ამასთან, ყაზახეთში იმდენად მაღალი იყო კორუფციის დონე და ნეპოტიზმი, რომ შეუძლებელი იყო, ხალხში ამ ყველაფერს უკმაყოფილება არ გამოიწვია.

„მეხუთე კოლონის“ შექმნის ავტორი საკმაოდ ბევრი ჩანს. იქ მთელ სპექტაკლს მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები წარმართავენ  - რუსეთი, ამერიკა და ჩინეთი. მსხვილი მოთამაშეები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თვითონ ჩაიგდონ ხელში ყაზახეთის ბუნებრივი სიმდიდრეები, აქ იგულისხმება, პირველ ყოვლისა, ჩინეთი.  ეს  მსხვილი მოთამაშეები ადგილობრივ საპროტესტო ჯგუფებს თავისი მიზნების მისაღწევად იყენებენ.

საბოლოოდ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, თუმცა გეტყვით, რომ  კომპრომისის მიღწევის შანსს ვერ ვხედავ “,- განაცხადა არეშიძემ.

არის თუ არა საქართველოში ამგვარი სცენარის განვითარების შანსი? - როგორც არეშიძე აცხადებს, ოპოზიცია ქვეყანაში ასეთი საპროტესტო მუხტის აგორებას ვერ მოახერხებს.

„არავითარი შანსი არა აქვს ოპოზიციას, რომ საქართველოში ამგვარი სცენარი განავითაროს. „ნაცმოძრაობა“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, არ ითვალისწინებს საკუთარ ბიოგრაფიას და ცდილობს, იყოს დომინანტი ოპოზიციურ პარტიებში. თუმცა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ის არის სახელგატეხილი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას აღარ იმსახურებს“,- განაცხადა არეშიძემ.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეებიც უწოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. ამასთან, ქვეყანაში სამშვიდობო ძალების შეყვანა რუსეთმაც დაიწყო.