WSJ: რუსები კურსკის ოლქის დაბრუნებას ჩქარობენ, რათა უკრაინას მოლაპარაკებების დროს უკანასკნელი კოზირი წაართვან

WSJ: რუსები კურსკის ოლქის დაბრუნებას ჩქარობენ, რათა უკრაინას მოლაპარაკებების დროს უკანასკნელი კოზირი წაართვან

რუსეთი კურსკის ოლქის დაბრუნებას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ჩქარობს, რათა კიევს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს კოზირი წაართვას. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები უყვებიან გამოცემას, რუსი ჯარისკაცები ისეთი ინტენსივობით უტევენ მათ, რომ ხშირად საკუთარი თანამებრძოლების გვამებზე გადავლაც კი უწევთ.

„ისინი [რუსები] მუდამ გვიტევენ. დილით, დღისით და ღამით“, - უყვება The Wall Street Journal-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური.
მისი თქმით, რუსებმა კურსკის ოლქზე შეტევა დაახლოებით ექვსი კვირის წინ დაიწყეს.

თავდაპირველად ისინი კონტრშეტევაში ჯავშანტექნიკის კოლონებით მიდიოდნენ, თუმცა როცა ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგეს, ამ სტრატეგიაზე უარი თქვეს და ადამიანების პატარა ჯგუფებად გაგზავნა დაიწყეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აღმოსავლეთ ფრონტისგან განსხვავებით, სადაც უკრაინული ჯარი უკვე რამდენიმე თვეა ტყვია-წამლის დეფიციტს განიცდის, კურსკის ოლქში განლაგებული საჯარისო შენაერთები კარგად აღჭურვილია.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, რომელიც კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში იბრძვის, განაცხადა, რომ ამ ადგილას რუსები ათჯერ აღემატებიან უკრაინელებს. მისი ბატალიონის ჯარისკაცების უმეტესობა დაჭრილია და ბრძოლას ვერ აგრძელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ვერ ამბობს, თუ რამდენ ხანს გაუძლებს რუსების შემოტევას.

„მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ისინი [რუსები] ჩვენ უკან დაგვახევინებენ. მათ ამოცანას ნებისმიერ ფასად საზღვრამდე მიღწევა წარმოადგენს, რასაც აკეთებენ კიდევაც“, - ციტირებს გამოცემა მას.