ვინ არის უკრაინაში მოკლული ქართველი მებრძოლი, რომლის ლიკვიდაციისთვის რუსეთს ნახევარი მილიონის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული

ბახვა ჩიქობავა

"რასაც ახლა "აზოვი" მარიუპოლში აკეთებს, მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია მსგავსი შედეგის დადება", – ამის შესახებ სერგეი კოროტკიხმა განაცხადა.

ის აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. მან ომზე და აზოვის ბატალიონზე ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. აღნიშნა, რომ მსოფლიოში უკვე ცნობილი ბატალიონი ორ ქართველ მებრძოლთან - ბახვა ჩიქობავასთან და გიორგი ქუფარაშვილთან (რომელიც მძიმედ დაიჭრა მარიუპოლის დაცვისას და ახლა მკურნალობს ვინიცაში) ერთად შექმნა.

ბახვა ჩიქობავა მარიუპოლის დაცვისას დაიღუპა. ქართველი ოფიცერი, მოხალისე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. როგორც "აზოვის" ბატალიონის უკრაინელი დამფუძნებელი,  სერგეი კოროტკიხი ამბობს, რუსეთმა მათ ლიკვიდაციაში, თითოეულზე ნახეარი მილიონი დოლარი ჯილდოს სახით დააწესა. 

ბახვა ჩიქობავა 2012 წლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში (1992-1993) და 2008 წლის აგვისტოს ომში.

2007 წელს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დამნაშავეებთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ორდენით. 2012 წელს, ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი იყო.

2014 წლიდან მოხალისედ იმყოფებოდა უკრაინაში. მონაწილეობა მიიღო ბატალიონ „აზოვის“ ჩამოყალიბებაში და მომდევნო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბატალიონის ახალი რეკრუტების წვრთნას.

დაიღუპა რუსეთის ჯარების ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმების დროს, 2022 წლის 19 მარტს. 

ლეგენდარული "აზოველი" სერგეი კოროტკიხი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს აზოვის მებრძოლები NATO-ს ინსტრუტქორებმა გაწვრთნეს. 

"როცა ლაპარაკობენ ვიღაც დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს ჩვენ გვამზადებდნენ, ეს სისულელეა.

სინამდვილეში, "აზოვი" 2014 წელს, მე და ორმა ქართველმა მოხალისე მებრძოლმა შევქმენით. ბახვა ჩიქობავამ (რომელიც გარდაიცვალა მარიუპოლის დაცვისას) და გიორგი ქუფარაშვილმა (რომელიც მძიმედ დაიჭრა მარიუპოლის დაცვისას და ახლა მკურნალობს ვინიცაში).

ჩვენზე, სამივეზე, თითო მილიონ დოლარს იხდიდნენ რუსები ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში. ახლა ფასი გაუზრდიათ, როგორც გავიგე.

ასე რომ, არანაირი NATO-ს ინსტრუქტორები არ არსებულან არასდროს… ჩვენ ხომ "სანქციების" ქვეშ ვიყავით, ჩვენზე, "აზოველებზე" ხომ საშინელებებს იძახდნენ… რა NATO?..

ჩვენ თვითონ შევქმენით სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები – და ეს 90 პროცენტი გიორგი ქუფარაშვილის დამსახურებაა.

გიორგი შვიდი წლის განმავლობაში წვრთნას და ვარჯიშს ეწეოდა, მან მარიუპოლის თავდაცვის გეგმა შეიმუშავა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით, ახლა მარიუპოლს ვიცავთ.

გიორგის იშვიათად ახსენებენ და ეს უსამართლობაა, რადგან ყველგან, სადაც ახლა, "აზოველები" არიან, ჩვენ შედეგებს ვდებთ – მარიუპოლში, ხარკოვში, სუმიში, ჩერნიჰივში, დნეპრში, ოდესაში, მიკოლაევში”, – თქვა სერგეი კოროტკიხიმ.