უკრაინის შსს-მ გამოაქვეყნა რუსეთის სარაკეტო შეტევის წინასწარი შედეგები

უკრაინის შსს-მ გამოაქვეყნა რუსეთის სარაკეტო შეტევის წინასწარი შედეგები

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ გამოაქვეყნა თავდასხმის პირველადი შედეგები. მინისტრის ინფორმაციით, ჩერკასში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაინგრა სასტუმროს შენობა და ხანძარი გაჩნდა ბაზრის ტერიტორიაზე. დაშავდა 7 ადამიანი.

კიევსა და კიევის ოლქში დაზიანებულია შენობები და ერთ-ერთი საწარმო. კიევში 7 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევის ოლქში - 2.

ხარკოვში დაზიანებულია სასაწყობე შენობა, დაიჭრა 2 ადამიანი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა როვნოს ოლქში. ლვოვის ოლქში სარაკეტო დარტყმა იყო სამრეწველო ზონაზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან მოსალოდნელია ფრთოსანი რაკეტებით შეტევა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 7 საათისთვის შეწყდა.