1755711092
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 21 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინას 641 დრონითა და რაკეტებით შეუტია

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 21 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინას 641 დრონითა და რაკეტებით შეუტია.
რუსეთის სამიზნეს ძირითადად წარმოადგენდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები და დასახლებები. მათ შორის ლოვოვიც, სადაც დაღუპულია ერთი ადამიანი. დაზიანდა ათობით სახლი. რუსულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ტრანსკარპატიის რეგიონის ქალაქ მუკაჩევოზე, ასევე ლუცკზე. მუკაჩევოში დაშავდა 15 მოქალაქე.
„ბიბისის“ ცნობით, როგორც ჩანს, მუკაჩევოში რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა ამერიკული კომპანიის, „ფლექს-უკრაინის“ ქარხანა, რომელიც ელექტროტექნიკას აწარმოებს.
ამ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც და აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების მიზანი ხალხის ტერორია.
„ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ჩვენს დასავლეთ რეგიონში მდებარე ელექტრონიკის მსხვილი ამერიკული მწარმოებლის ობიექტს, რამაც გამოიწვია სერიოზული დაზიანება და მსხვერპლი. ეს არის სრულიად სამოქალაქო ობიექტი და არაფერი აქვს საერთო თავდაცვასთან ან სამხედროებთან. არანაირი სამხედრო ლოგიკა ან საჭიროება, მხოლოდ ტერორი ხალხის, ბიზნესის და ნორმალური ცხოვრების საწინააღმდეგოდ ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ანდრეი სიბიჰა.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ გაისროლა როვენის ოლქის მიმართულებით. დარტყმის სამიზნე გახდა ქალაქი დუბნო. შეტევის დროს ასევე გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტები.