უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა - ახლა გთხოვთ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა, გთხოვთ იარაღს

zelenska

ახლა გთხოვთ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა, გთხოვთ იარაღს, – ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესს მიმართა.

„ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დგას ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის ბრძოლაში – ადამიანის ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისთვის. თქვენ ძალიან ძლიერად გვეხმარებით. ახლა გთხოვთ იმას, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა. მე გთხოვთ იარაღს! იარაღი არა უცხო მიწაზე ომის დასაწყებად, არამედ ჩვენი სახლის დასაცავად და ცოცხლად გაღვიძების უფლების დასაცავად”, – განაცხადა ზელენსკამ.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა იცის, რა არის ტერორისტული თავდასხმები და ყოველთვის ცდილობდა ტერორიზმის დამარცხებას.

„დაგვეხმარეთ, შეწყდეს ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ და ეს იქნება ჩვენი დიდი საერთო გამარჯვება – სიცოცხლის, თავისუფლებისა და თითოეული ადამიანის, ყველა ოჯახის ბედნიერებისკენ სწრაფვის სახელით“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.