უკრაინელ დევნილებს ევროკავშირი მინიმუმ 1-წლიანი ცხოვრების უფლებას მისცემს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ომისგან გაქცეულ მოქალაქეებს ევროკავშირი მინიმუმ 1-წლიანი ცხოვრების უფლებას მისცემს.

“დევნილთა რაოდენობა 1.2 მილიონია და ეს რიცხვი უახლოეს დღეებსა და კვირებში კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო და სოლიდარობა გამოვუცხადო წინა ხაზზე მყოფ ქვეყნებს, რომლებმაც დევნილები შეიფარეს - პოლონეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ასევე მოლდოვას. ასევე ყველა სხვა ქვეყანას, რომლებიც დევნილებს იღებენ.

ევროკავშირის ტერიტორიაზე გადმოსული უკრაინელი დევნილები დაუყოვნებლივი წესით მიიღებენ მინიმუმ 1 წლის რეზიდენტობის უფლებას, ეს მოიცავს არამხოლოდ შრომის უფლებას, არამედ ჯანდაცვაზე წვდომას და განათლების სისტემასთან და სკოლებთან წვდომას,”- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. მათი უმეტესობა პოლონეთში წავიდა და ასეთი 650 ათასი უკრაინის მოქალაქეა.