უკრაინაში, გენერალ ზავადსკის სიკვდილი რუსეთმა დაადასტურა

რუსი გენერალი უკრაინაში, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა

რუსეთში ოფიციალურად დაადასტურეს მანამდე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაიღუპა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტში შემავალი, არმიის მე-14 კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი.

დღეს, 4 დეკემბერს, რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ვლადიმირ ზავადსკი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, „საბრძოლო პოსტზე“ დაიღუპა. რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე ომს. გუსევი გენერალ-მაიორ ზავადსკის სიკვდილს „მძიმე დანაკარგს“ უწოდებს, თუმცა მისი დაღუპვის ზუსტ დროს და ადგილს არ ასახელებს.

პირველი ცნობები გენერალ-მაიორ ზავადსკის სიკვდილის შესახებ, 28 ნოემბერს გავრცელდა რუსული წყაროებით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერთა ტელეგრამ-არხებით. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ზავადსკი საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნაღმზე აფეთქდა. ერთი ვერსიით, რუსი გენერალი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის რაიონში დაიღუპა, მეორე ვერსიით კი - ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტ კრინკისთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვლადიმირ ზავადსკის სიკვდილის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. ზავადსკი მეშვიდე რუსი გენერალია, რომლის უკრაინაში სიკვდილი რუსული წყაროებითაა დადასტურებული.