უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის - კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ქვეყანას საკმარისი იარაღი აქვს რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბარში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოპერაცია ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო გამარჯვებას მისცემს, თუმცა არ უთქვამს დაიწყო თუ არა კონტრშეტევა.

კულებამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება უკრაინისთვის მხოლოდ აქტიური კონფლიქტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მანამდე აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას.