თუ მოლაპარაკება წარმატებით არ დაგვირგვინდება, შესაძლოა, ეს მესამე მსოფლიო ომი იყოს - ზელენსკი

არახამია

როგორც უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით არახამია აცხადებს, მსგავსი ტიპის ონლაინ, სამუშაო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ მოლაპარაკებებში საექსპერტო ჯგუფები არიან ჩართული და ასეთი შეხვედრა დღესაც გაიმართა და ხვალაც გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი, ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა თუ მოლაპარაკებები კრახს განიცდის, "ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომსაც ნიშნავდეს".

როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, მოლაპარაკებების გარეშე ომი ვერ დასრულდება.

"მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მზად ვიყავი ბოლო 2 წლის განმავლობაში. მგონია, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ.

ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკებების შესაძლებლობა, მათ შორის პუტინთან საუბრისაც, მაგრამ თუ ეს მცდელობები წარმატებით არ დაგვირგვინდება,  იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები განიხილეს. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს.

რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის უბლოკო სტატუსს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, "დენაციფიკაციასა" და ყირიმზე უარის თქმას მოითხოვს.