1732386875
"საზოგადოებაში რომელი რელიგია თუ კულტიცაა ყველაზე გავლენიანი, ყოველთვის ცდილობენ მას ამოეფარონ" - დედა სიდონია რუსეთის "ერთმორწმუნეობაზე"
არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხაზები“ სქემ-მონაზონ სიდონიას წერილს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ ავრცელებს.
სასულიერო პირი აქცენტს რუსეთის „ერთმორწმუნეობაზე" აკეთებს და აცხადებს, რომ საზოგადოებაში რომელი რელიგია თუ კულტიცაა ყველაზე გავლენიანი, ყოველთვის ცდილობენ მას ამოეფარონ და საზოგადოების ნდობა თუ განწყობა იოლად მოიპოვონ.
"მტერი ერთმორწმუნე ვერ იქნება, ან ერთია ან მეორე, რადგან, არავის ძალუძს ღმერთსაც ემონოს და მამონასაც. ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან პირიქით - “ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად”.
ერთმორწმუნე არც დაუცველ და უმწეო ბავშვებს დაგიხოცავს,არც ტაძრებს დაგიბომბავს და არც სიწმინდეებს შეგიბილწავს.
ფარისევლობაა, ციტირებდე წმინდა წერილიდან და საქმით არ ემსახურებოდე სიკეთეს. თვალთმაქცობაა, ზედმიწევნით იცოდე სჯული უფლისა მაგრამ, ებრძოდე - ქრისტიანობას! რომელიც ძმათა შორის მშვიდობას ქადაგებს. ფარისეველი ადამიანის სულიერი თვალი დაბნელებულია და ებრძვის სიმართლეს, იგი ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგას და სინათლე სიბნელედ მიაჩნია.
ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ეკლესიის პოზიცია, არაერთგვაროვანია. სინოდის წევრი ეპისკოპოსების ნაწილი ღიად და დაუფარავად გმობს უკრაინაში რუსეთის ძალადობრივ ქმედებებს. ნაწილი მღვდელმთავრების პოზიცია კი, ლოიალურია, ან რუსეთისადმი სიმპათიის და სიახლოვის, ან ერთგვარი სიფრთხილე -შიშის გამო, რაც ჩემთვის, როგორც ქრისტიანის პოზიცია - სრულად მიუღებელია!
ჩემთვის, წითელი ხაზი ის ღირებულებებია, რომელზეც მყარად ვდგავარ. საერთო ინტერესების მოღალატე ინდიფერენტული, კონფორმისტი ადამიანი ვერ იქნება მტკიცე და საყრდენი საზოგადოებისთვის.
რუსეთ-უკრაინის ომი იგივეა, რაც რუსეთ-საქართველოს ომი! ფეხდაფეხ უნდა მივყვებოდეთ მათ, რადგან, მსგავსი შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა.
ახლა, სიმართლე შავზე თეთრითაა დაწერილი მთელი მსოფლიოსთვის და ის მზადაა ცვლილებებისთვის.
საზოგადოებაში რომელი რელიგია თუ კულტიცაა ყველაზე გავლენიანი, ყოველთვის ცდილობენ მას ამოეფარონ და იოლად მოიპოვონ საზოგადოების ნდობა თუ განწყობა. ეს არ ახალია…
მთავარი მოძღვრება არის - მოყვასის სიყვარული და პატივისცემა, ურთიერთობის, სხვისი აზრის მოსმენის კულტურა, მშვიდობა, მიტევება და საკუთარი ეგოზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენება!" - წერს სქემ-მონაზონი სიდონია.