„საოპერაციოში ვინც დიდხანს რჩებოდა, იყინებოდა“ - მარიუპოლელი ექიმი, რომელიც მძიმე ისტორიებს იხსენებს

მარიუპოლი

27 წლის ანდრეი სერბინი მარიუპოლის მე-4 საავადმყოფოს ანესთეზიოლოგია. 24 თებერვლიდან მოყოლებული იგი მძიმე ისტორიებს იხსენებს, რომელიც თავად გადახდა. ანდრეიმ რამდენიმე სხვა ექიმთან ერთად ათობით ოპერაცია გააკეთა და უამრავ ადამიანს აღმოუჩინა დახმარება.

ისტორიები, რომლებსაც იგი იხსენებს, საკმაოდ მძიმე მოსასმენია. 

„სიცივის გამო ყველაფერს ვიცვამდით, რაც კი შეგვეძლო. ზევიდან კი კოვიდის კომბინიზონები (ომამდე აქ კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ). ამით საკუთარ თავს და ტანსაცმელს სისხლისგან, ღებინებისა და სხვა ბიოლოგიური სითხეებისგან ვიცავდით, თანაც ეს ტანსაცმელი სითბოს კარგად ინარჩუნებდა.

საოპერაციოში ვინც დიდხანს რჩებოდა, იყინებოდა და შემდეგ უკვე მათი მოქმედება უკონტროლო იყო. ყველას უჭირდა. ქალები  შემოიხვევდნენ საბნებს და ცდილობდნენ გათბობას.

გარდაცვლილებს ჩვენ სპეციალურ ტომრებში ვაწყობდით და საავადმყოფოს კედელთან ვტოვებდით, მათი დაკრძალვა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის შემდეგ შეიძლებოდა“,- იხსენებს ექიმი. 

ანდრეისთვის ყველაზე მძიმე გასახსენებელი ბავშვები იყვნენ, რომლებიც დახმარებაც მან ვერ შეძლო და სიკვდილამდე მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებდა. 

„ის, რომ ბავშვებს ვეხმარებოდით, შეგვეძლო მათი გადარჩენა ასეთ პირობებში, ეს მორალურ სულისკვეთებას გვიმაღლებდა.

სამწუხაროდ, სხვა რამეც ხდებოდა. ხშირად გარდაცვლილი ბავშვები მოჰყავდათ, ან კიდევ უარესი, როდესაც ბავშვები ცოცხლები მოჰყავდათ და ჩვენ კი ვერ ვეხმარებოდით.

იყო ასეთი შემთხვევა - დედა, ბებია და ერთი წლის ბავშვი ეზოში საჭმელს აკეთებდნენ, მოფრინდა ჭურვი, დედას მხოლოდ ნაკაწრი აქვს, ბებიამ თავის სერიოზული ტრავმა მიიღო და თვალი დაუზიანდა. ერთი წლის ბავშვს კი ნამსხვრევი თავში მოხვდა. შუბლში საკმაოდ დიდი ნახვრეტი ჰქონდა. როდესაც მოიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ასეთი ტრავმით გადარჩენის შანსი ნულია. მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ ბავშვისთვის ტკივილგამაყუჩებელი გაგვეკეთებინა. 15 წუთში ის გარდაიცვალა.

იყო კიდევ ასეთი შემთხვევა - ორი ბავშვი მოიყვანეს, 10 და 16 წლის,  ასევე თავის უმძიმესი დაზიანებით. მათაც ვერ დავეხმარეთ. მხოლოდ გამაყუჩებელი გავუკეთეთ და საბანი მივაფარეთ, სულ ესაა“,- ამბობს ექიმი. 

„ჩვენი წასვლის შემდეგ საავადმყოფოს მეოთხე სართულს ჭურვი მოხვდა. რამდენიმე ექიმი დაიღუპა. იმის აღქმა, რომ ჩვენ წავედით და პაციენტები დარჩნენ - ძალიან მტკივნეულია, ექიმს და პაციენტს შორის ხომ ემოციური კავშირი მყარდება და ის შენთვის მხოლოდ პაციენტი აღარ არის“...