რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს

უკრაინა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ კრამატორსკზე. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის საზღვრის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლა და ელექტროგადამცემი ხაზი. მედიის ცნობითვე, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ნიკოლაევის რაიონის ოჩაკოვოს თემის აკვატორიას და სანაპირო ზონას.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიში ხერსონის ოლქში, რუსული სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის ადგილზე განახორციელეს. გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში 13 დარტყმა განახორციელა, ასევე ხუთჯერ დაბომბა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციები.

მანამდე უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მაკეევკაში, რუსი სამხედროების ბაზაზე მიიტანა იერიში. უკრაინული წყაროები 400 რუსი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. მაკეევკაში რუსი სამხედროების ბაზის დაბომბვას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დაბომბვას 63 რუსი სამხედრო ემსხვერპლა.