რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას აძლიერებს - დასავლეთის დაზვერვა

ქიმიური იარაღი

დასავლური სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას აძლიერებს.

„ცრემლსადენი გაზისა და ქლორპიკრინის გამოყენება რუსული ჯარების მიერ სტანდარტულ პრაქტიკად იქცა და ფართოდ არის გავრცელებული“, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურისა (BND) და ნიდერლანდების ორი სპეცსამსახურის - სამხედრო დაზვერვის MIVD-ისა და დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის AIVD-ის ერთობლივ განცხადებაში.

სამი სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურულ სივრცეებში მაღალკონცენტრირებული ქლორპიკრინი შეიძლება სასიკვდილო იყოს და მისი გამოყენება წარმოადგენს ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის სერიოზულ დარღვევას, რომელიც უპირობოდ კრძალავს ფილტვებზე მოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებას. ამ კონვენციას ასევე არღვევს ცრემლსადენი გაზის გამოყენება.