„როდესაც დაიბადა, ძალიან შეგვეშინდა, ლურჯი იყო, არ სუნთქავდა...“ - ბავშვი ბუჩაში დაბომბვის დროს გაჩნდა

.სდჯფნ

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაში - მაშინ, როცა გარეთ ტერიტორია იბომბებოდა, ანა ტიმჩენკომ ბავშვი მეზობლების დახმარებით გააჩინა. როგორც BBC წერს, სახლი აფეთქებების გამო ირყეოდა, შენობაში არ იყო ელექტროენერგია და წყალი.

ანას ქმარმა, ვოლოდიმირმა დასახმარებლად მეზობლებს მიმართა. მათ მოახერხეს გინეკოლოგთან დაკავშირებაც, რომელიც მისვლას დაჰპირდა, თუმცა იმის გამო, რომ რუსმა სამხედროებმა დააკავეს და ტელეფონი დაუმტვრიეს, ექიმმა ანას დასახმარებლად მისვლა ვერ შეძლო.

„როდესაც ბავშვი დაიბადა, ძალიან შეგვეშინდა, ლურჯი იყო, არ სუნთქავდა... ბოლოს ტირილი დაწყო და შვებით ამოვისუნთქეთ“, - ამბობს წყვილის მეზობელი.

თავად ანა კი BBC-სთან ჰყვება, რომ ეს მისი პირველი მშობიარობა იყო და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ბავშვს ასეთ პირობებში გააჩენდა. 

პატარა გოგონას მშობლები ამბობენ, რომ ქალაქის დატოვება ჯერ კიდევ მშობიარობამდე სცადეს საკუთარი მანქანით, თუმცა გზაში შეიტყეს, რომ მათი მიმართულებით რუსული სამხედრო ძალები მოდიოდნენ და ამიტომ, იძულებულები გახდნენ, უკან, ბუჩაში დაბრუნებულიყვნენ.

პატარა ალისა 8 მარტს დაიბადა.