„რაც მოხდება უკრაინაში, ის მოხდება საქართველოშიც“ - წყდება თუ არა საქართველოს ბედი ახლა

უკრაინა

რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ბედიც წყდება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა უკრაინა დაიმორჩილა, საქართველო საბჭოთა კავშირში აღმოჩნდება, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“  პოლიტიკის ექსპერტია გია ხუხაშვილი აცხადებს.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, რუსეთი თვლის, რომ საქართველო ისედაც მისი ლუკმაა.

„ახლა საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. რუსეთი თვლის, რომ საქართველო ისედაც მისი ლუკმაა. უკრაინის დამორჩილების შემთხვევაში, ჩვენ, სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირში აღმოვჩნდებით. რაც უკრაინაში მოხდება, ის მოხდება საქართველოშიც“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, რუსეთი უკრაინის დამორჩილების მიზნით, გარკვეულ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების გადაბირებას შეეცდება.

„რუსეთი იმოქმედებს შესაძლებლობის ფარგლებში. რუსეთი ახლა ეცდება, უკრაინის გარკვეულ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება გადმოიბიროს, ან საკუთარი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება მოახერხოს. სადაც სამოქალაქო წინააღმდეგობა დახვდებათ, წინ არ წაიწევიან, ისინი ხალხის მასობრივ ჟლეტვაზე არ წავლენ.

რუსეთი ყველაფერს ტესტავს, მათ შორის, რამდენად შეძლებს უკრაინის არმია ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას. იმედია უკრაინის არმია აღნიშნულს შეძლებს“,  - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკონტროლო პუნქტებზე სარაკეტო იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღო.