რას ფიქრობს მეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე

მეუფე იაკობი

„ჩვენთან რომ ვინმე შემოვიდეს, იარაღს დავყრით და ვეტყვით, მიდით, დაგვხოცეთო? რა გასაკვირია, რომ უკრაინელი ადამიანი, როდესაც თავს დაესხმებიან, შედიან იარაღით და კლავენ, გამოვიდეს და თავი დაიცვას. გასაკვირია ეს? ეს ხომ აუცილებლობაა"- ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, უკრაინაში მიმდინარე ომს, დღევანდელ ქადაგებაში.

მეუფე იაკობმა უკრაინელ ერზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი საბჭოთა წყობამ და გერმანულმა ფაშიზმმა, ვერ გატეხა.

"ძალიან ცუდი რამ ხდება მსოფლიოში, უკრაინაში გადაინაცვლა ომმა და ეს არის ძალიან ცუდი. ომი ვის უნდა უხაროდეს. ძალიან დიდ განსაცდელშია მთლიანად მსოფლიო და განსაკუთრებით, უკრაინელი ერი. ომი ქრისტიანისთვის მიუღებელია, მაგრამ არის ხოლმე ომი, რომელშიც ყველა წავა და თავს დადებს. უკრაინელმა ერმა გამოიარა ჰოლოდომორი. იმის გამო, რომ არ ემორჩილებოდნენ საბჭოთა წყობას, ათი თუ თორმეტი მილიონი ადამიანი შიმშილით დახოცეს. სპეციალურად გამოიწვიეს შიმშილი.

მერე იყო გერმანული ფაშიზმი, რა უქნეს უკრაინას და მაინც ვერ გატეხეს. ხშირად იძახიან, რომ მსოფლიოს და კაცობრიობის ბედი, უკრაინაში წყდება. რეალურად რომ ავიღოთ, უკრაინა იმიტომ ეტკინა ყველას, რომ ევროპაშია, თუ უკრაინაზე გადავიდა, შემდეგ ევროპაში ადვილად შევა ეს არეულობა. მანამდე ავღანეთში რამდენი წელია ომი, როგორ იბრძვის ავღანელი ადამიანი, ავღანელზე მეტად თავის სამშობლოსთვის ვინმემ იომა? რა გასაკვირია, რომ უკრაინელი ადამიანი, როდესაც თავს დაესხმებიან, შედიან იარაღით და კლავენ, გამოვიდეს და თავი დაიცვას. გასაკვირია ეს? ეს ხომ აუცილებლობაა.

ჩვენთან რომ ვინმე შემოვიდეს, იარაღს დავყრით და მოდით დაგვხოცეთო, ვეტყვით? ომის ამბები დედამიწაზე წყდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ძლიერები არიან. ეს არ წყდება რუსეთ-უკრაინის ომში, ეს წყდება იმ სახელმწიფოებში, როლებიც ჰეგემონები არიან. უფალს ვთხოვ, ეს ამბავი მალე დამთავრდეს, ჩვენ მთავარია ღირსების მხარეს დავდგეთ, არ შეგეშინდეს და არავის პროპაგანდის ქვეშ არ მოვყვეთ. თუ ჩვენთან ომი იქნება, კაცები, უფროსები ვინც ვართ, ვიბრძოლოთ, რომ ახალგაზრდობას უკეთესი ქვეყანა დავუტოვოთ, ლაჩრები არ გავხდეთ. რას მიქვია, პოზიცია, ოპოზიცია, ყველა ერთად უნდა დავდგეთ" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო წირვა, ხირსის მამათა მონასტერში ჩაატარა.