„რაკეტა მის საწოლ ოთახს დაეცა, რაც ეჭვს ტოვებს, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი...“ - რა მოხდა მიკოლაევში

მიკოლაევი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ მიკოლაევის მასირებულ დაბომბვას ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, მარცვლეულის მაგნატი ალექსეი ვადატურსკი ემსხვერპლა.

„ბიბისის“ ცნობით, უკრაინელი ბიზნესმენის სახლს რაკეტა ღამით მოხვდა. ასევე, დაღუპულია ალექსეი ვადატურსკის მეუღლე რაისა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რაკეტა ბიზნესმენის საწოლ ოთახს დაეცა, რაც ეჭვს ტოვებს, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

მიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ქალაქზე მსგავსი მასშტაბის შეტევა არ განხორციელებულა. დაბომბვის შედეგად, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, სასტუმროები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

მიკოლაევის რეგიონის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ამბობს, რომ ალექსეი ვადატურსკის წვლილი სოფლის მეურნეობისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიაში, ასევე რეგიონის განვითარებაში, შეუფასებელია. ბიზნესმენი ვადატურსკი კომპანია „ნიბულონს“ ფლობდა, რომელიც მარცვლეულის ექსპორტში იყო ჩართული. ალექსეი ვადატურსკის „უკრაინის გმირის“ წოდება ჰქონდა მინიჭებული.