მიხაილო პოდოლიაკი ტრამპისთვის შეთავაზებულ გეგმაზე: მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს შეიძლება ეფუძნებოდეს

მიხაილ პოდოლიაკი

კიევში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გეგმას გამოეხმაურნენ, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონად ტრამპს წარუდგინეს. კომენტარია ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა.

„უკრაინას აქვს მკაფიო პოზიცია და ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ გეგმაშია გაწერილი. იქ მკაფიოდ არის აღნიშნული: მშვიდობა მხოლოდ სამართლიანი შეიძლება იყოს და მშვიდობა შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ომის ფრონტის არსებულ ხაზზე გაყინვა „უცნაური“ იქნებოდა, რადგან რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. პოდოლიაკმა ასევე უაზრო უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობები.

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, მისმა მრჩევლებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს. გეგმის ავტორები კიტ კელოგი და ფრედ ფლეიცი არიან, რომლებიც 2017-2021 წლებში, ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის უშიშროების საბჭოში პასუხისმგებელი მდივნების პოსტებს იკავებდნენ.

შეთავაზებული გეგმის მიხედვით, თუკი კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ტრამპი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს. იმავდროულად, ტრამპი მოსკოვსაც წაუყენებს ულტიმატუმს, რომ თუკი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ვაშინგტონი უკრაინისადმი მხარდაჭერას გაზრდის.