ლავროვის შვილის წინააღმდეგ ბრიტანეთში სანქციები ამოქმედდა - 26 წლის პოლინამ 5-მილიონიანი სახლი დაკარგა

lavrovis shvili

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილს, რომელმაც 21 წლის ასაკში ლონდონში, 5 მილიონი დოლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლი ნაღდი ფულით შეიძინა, სანქციები დაუწესა. 

ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, პოლინა კოვალევა ლონდონის ექსკლუზიურ ნაწილში 4 მილიონი ფუნტის ღირებულების მდიდრულ სახლს ფლობს. მისი შავ სიაში შეყვანის შესახებ ცნობა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა გამოაცხადა. მისივე ინფორმაციით, ლავროვის ქალიშვილი ახალი სანქციების ნაწილში მოყვა, რომელიც რუსული ელიტის, ბანკებისა და ბიზნესის მიმართ დამატებით ამოქმედდა.

განცხადება რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსანდრე ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის გამომძიებელი მარია პევჩიხა ადასტურებს.

26 წლის კოვალევა ფლობს მდიდრულ ბინას კენსინგტონში, ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ნაწილში.

პევჩიხას თქმით, ის არის ლავროვის  დიდი ხნის პარტნიორის, 51 წლის სვეტლანა პოლიაკოვას ქალიშვილი.

გაერთიანებული სამეფოს ქონების ჩანაწერებში დასტურდება, რომ კოვალევამ კენსინგტონში უძრავი ქონება იპოთეკური სესხის გარეშე, 2016 წელს, მაშინ იყიდა, როცა პოლინა 21 წლის იყო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სანქციები "ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც სარგებელს რუსეთიდან იღებენ, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზეც პასუხისმგებელნი არიან და ისინი ჩვენი სანქციების ფარგლებში იმყოფებიან".

სანქციები ნიშნავს, რომ კოვალევას აქტივები დიდ ბრიტანეთში გაყინულია და მას გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრება ეკრძალება.

ლავროვი არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, რომელიც რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში მონდომებით ამართლებს. მას უკვე სანქციები აშშ-მ და სხვა დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს.