კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა - დაშავებულებს შორის 4 ბავშვია

კიევი

რუსეთის მიერ კიევზე გამთენიისას განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.

უწყების ინფორმაციით, დაღუპულთაგან შვიდი ადამიანი კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დარნიცკის რაიონში, ხოლო ორი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, სოლომიანსკის რაიონში ემსხვერპლა თავდასხმას.

დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია.

სოლომიანსკის რაიონში ნაწილობრივ ჩამოინგრა და ცეცხლი გაუჩნდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ასევე დაიწვა ავტოსადგომზე გაჩერებული ავტომობილები.

დარნიცკის რაიონში დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ და არასაცხოვრებელ შენობებში.

შევჩენკოს რაიონში, ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობასა და კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ასევე დაიწვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.

დნიპროს რაიონში დაზიანდა მაღაზია, პეჩერსკის რაიონში კი, ოთხი კერძო საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობები.

უკრაინულ ტელეგრამარხებზე გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათ შორის ბალისტიკური და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები.