კიევში, 28 მარტიდან სწავლა ონლაინ რეჟიმში აღდგება, იცხოვრეთ და იმუშავეთ საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი - დედაქალაქის მერი კიეველებს მიმართავს

ვიტალი კლიჩკო

"დღესაც მნიშვნელოვანი ამოცანაა სამხედრო მდგომარეობის ასეთ რთულ პირობებშიც კი, ქალაქში ცხოვრობდეთ და მუშაობდეთ" - ასე მიმართავს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო კიეველებს. 

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ, სწავლება ონლაინ რეჟიმში აღდგება და ეტაპობრივად ყველა ის მომსახურების სფეროს წარმომადგენელი ოპერატორი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომლებმაც კიევში მუშაობა საომარი პირობების გამო შეწყვიტეს. 

"კიევი დგას, უკრაინა გაიმარჯვებს" - წერს დედაქალაქის მერი. 

"პრაიმტაიმი" ვიტალი კლიჩკოს მიმართვას გთავაზობთ:  

"მეგობრები! ძვირფასო კიეველებო! კიევი თავდაცვას აგრძელებს. იცხოვრეთ და იმუშავეთ საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი.

დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია, მაგრამ მგზავრობა მაინც შესაძლებელია. კომუნალური საშუალებები ხელმისაწვდომია. სუპერმარკეტებისა და აფთიაქების უმეტესობა ღიაა. დამატებით კერძო ბიზნესი კიევში ეტაპობრივად მუშაობას განაახლებს, კერძოდ:  სასურსათო მაღაზიები, კაფეები, სილამაზის სალონები და მომსახურების სხვადასხვა დაწესებულებები. 

ასევე, 28 მარტს, სასწავლო პროცესი დედაქალაქში - ონლაინ რეჟიმში განახლდება, რომელიც არსებულ პირობებზე მორგებული იქნება, სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენება შესაძლებელი იქნება.

დღეს, ჩვენი მთავარი ამოცანა დედაქალაქის დაცვაა. არ მივცემთ უფლებას ორკებს აქ მოვიდნენ, რომლებიც უკრაინის გულისკენ მოიჩქარიან.

კიევის გარეუბანში ბრძოლები გრძელდება. ჩვენი დამცველები გმირულად იცავენ ქალაქს.

კიეველებს სიფრთხილისა და შეგნებისკენ მოვუწოდებ - დაიცავით კომენდანტის საათის წესები, ნუ უგულებელყოფთ განგაშის ზარებს. იმიტომ, რომ დღესაც მნიშვნელოვანი ამოცანაა სამხედრო მდგომარეობის ასეთ რთულ პირობებშიც კი, ქალაქში ცხოვრობდეთ და მუშაობდეთ.

ჩვენს დაშინებას ცდილობენ. ეს არ იმუშავებს! ჩვენ არ დავთმობთ! კიევი დგას! უკრაინა გაიმარჯვებს!" - წერს კლიჩკო.