გიორგი ტყემალაძე: თბილისის მუნიციპალური საბავშვო ბაღები უკრაინელ ბავშვებს უფასოდ მიიღებენ

უკრაინელი ბავშვები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის პერიოდი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. თბილისის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის პერიოდი.

დღეს თბილისის საკრებულოში ჩატარებული აქციით თბილისის მერთან ერთად მივესალმეთ და მოვეფერეთ ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური საბავშვო ბაღები უკრაინელ ბავშვებს უფასოდ მიიღებენ. თბილისის საკრებულო ამ გადაწყვეტილებას 18 მარტის სხდომაზე ოფიციალურ თანხმობას მისცემს. თბილისის მუნიციპალიტეტი და საკრებულო უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ.“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.