ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს - ბრიუსელში პირველი დიპლომატების შეხვედრა ბუჩას საზარელმა ისტორიამ დააჩქარა

briuseli

ამ წუთებში ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება.

ბრიუსელში პირველი დიპლომატების შეხვედრა, ბუჩაში მომხდარმა საზარელმა ფაქტებმა დააჩქარა.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რუსეთის აგრესიის ფონზე, არის ჩვენი მაგალითი შესანიშნავი თანამშრომლობის, კოორდინაციის და კონსულტაციის ყველა საპასუხო ელემენტზე. ეს სწორედ ისაა, რასაც ვაგრძელებთ აქ დღეს და ხვალ.

ჩვენ დავიწყეთ სამი საკითხის განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტდა უკრაინის წინააღმდეგ ამ საშინელი აგრესიის წამოწყებას. პირველი, ეს იყო ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა, რასაც ვაკეთებთ. მეორე იყო ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე, რასაც ახლაც ვაგრძელებთ. მესამე იყო, რომ გვეჩვენებინა ჩვენი ალიანსის დაცვა, რასაც ასევე ვაკეთებთ. დღეს და ხვალ ვაგრძელებთ არამხოლოდ იმაზე საუბარს, თუ როგორ ვუჭერთ მხარს ამ ძალისხმევებს, არამედ როგორ შეგვიძლია დავეყრდნოთ მას. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ალიანსის მომავლის უზარმაზარი მნიშვნელობის პერიოდში, არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის თვალსაზრისით, არამედ უფრო ფართო კუთხით. სწორედ ამიტომ, დღეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა განვიხილავთ სტრატეგიულ კონცეფციას," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით კი, ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა.

„შეერთებული შტატების ლიდერობა არის შეუცვლელი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როცა ჩვენ ვდგავართ საშიში სიტუაციის პირისპირ, უკრაინაში მიმდინარე ომის პირისპირ. ველი თქვენთან ერთად და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დასხდომას დღეს და ხვალ იმისათვის, რომ განვიხილოთ ფართო სპექტრის საკითხები, მათ შორის უკრაინის საკითხი.

ჩვენ ასევე დავსხდებით აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან ერთად - ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან. განვიხილავთ გლობალურ გავლენას უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე, თუ როგორ ვაპირებთ ერთად მუშაობას სხვადასხვა საკითხებზე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ ჩვენს შეხვედრას სტრატეგიული კონცეფციის განხილვით, რომელიც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი ნატოსთვის.“ - აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარმა საზარელმა მკვლელობებმა გავლენა მოახდინა სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც. დიპლომატებმა შეხვედრის დაწყებამდე თქვეს, რომ უკრაინას მხარი ყველა პარტნიორმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.