ერდოღანი: რუსეთის სამხედრო მოქმედება უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტი

რუსეთის სამხედრო მოქმედება უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე ვაცხადებ, რომ მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

პარალელურად, განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია.

„თურქეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, ეწინააღმდეგება იარაღის საშუალებით საზღვრების შეცვლას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.