ბულგარეთი უკრაინიდან კვერცხის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

ბულგარეთი უკრაინიდან კვერცხის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

ბულგარეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი გიორგი ტახოვი ევროკომისიას თხოვნით მიმართავს, რომ მან უკრაინიდან კვერცხის იმპორტი აკრძალოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მინისტრის განმარტებით, უკრაინიდან იმპორტირებული კვერცხის გამო ამ პროდუქტის წარმოება ბულგარეთში კრიზის განიცდის. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინული კვერცხი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ბულგარული.

მედიის ცნობით, 2024 წლის პირველ ნახევარში ბულგარეთმა უკრაინიდან 2 618 ტონა კვერცხი შემოიტანა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ მეტია.

„თითოეული ქვეყანა ბიზნეს პროცესებს თავად არეგულირებს, რათა საკუთარი სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მწარმოებლები დაიცვას“, - თქვა ტახოვმა.

მისი თქმით, ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბულგარელი ფერმერების უფლებები უნდა ირღვეოდეს, ხოლო კომპანიები კოტრდებოდეს. ბულგარელი მინისტრის თქმით, უკრაინიდან კვერცხის იმპორტის ზრდამ რამდენიმე კომპანიის დახურვა გამოიწვია.