ბრაზილიაში მორგში აღმოაჩინეს ცოცხალი ჩვილი, რომელიც საავადმყოფომ გარდაცვლილად გამოაცხადა

ბრაზილია

მორგში აღმოაჩინეს ცოცხალი ჩვილი, რომელიც საავადმყოფომ გარდაცვლილად გამოაცხადა. შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 18 წლის გოგო (სახელი და გვარი კონფიდენციალურია) საავადმყოფოში გაუსაძლისი ტკივილებით და სისხლდენით მივიდა. თუმცა, ექიმებმა უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო და სახლში გაუშვეს. ისინი ვერ მიხვდნენ, რომ გოგონა ორსულად იყო.

მას შემდეგ, რაც გოგონა სახლში მივიდა, ტკივილები უფრო გაუძლიერდა , მოგვიანებით კი იმშობიარა. ის 7 თვის ორსული იყო, პატარა ერთ კილოგრამს იწონიდა.

ოჯახმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, ჩვილის გასინჯვის შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა დედას განუცხადა, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. „ცხედარი“ მორგში გადაასვენეს.

მორგში მომუშავე მამაკაცმა, რომელიც პატარას სხეულს დაკრძალვისთვის ამზადებდა, შენიშნა რომ ჩვილი სუნთქავდა. მან ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი წყალობით დღეს პატარა ცოცხალია, ოჯახმა მას სახელად ავგუსტუსი დაარქვა.

„დღეს ჩემმა შვილიშვილმა ფეხები და ხელები გაამოძრავა. მისი გულისცემა მშვენიერია. ეს სასწაულია. მახსოვს როგორი გარკვევით გვითხრა ექიმმა, რომ ბავშვი ცოცხალი არ იყო“,- ამბობს ჩვილის ბებია.

შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.