Bloomberg: უკრაინა და ევროპული ქვეყნები ომის დასრულების 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობენ

უკრაინა

ევროპული ქვეყნები უკრაინასთან ერთად 12-პუნქტიან წინადადებაზე მუშაობენ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად. Bloomberg-ის ინფორმაციით, გეგმა მოიცავს ორივე მხარის დათანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, ყველა დეპორტირებული ბავშვის უკრაინაში დაბრუნებას და ტყვეების გაცვლას, ასევე- უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღსადგენად სახსრების მოძიებას და ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას.

მოიხსნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც, თუმცა გაყინული რეზერვებიდან 300 მილიარდი დოლარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მოსკოვი უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში წვლილის შეტანას დათანხმდება.

მოსკოვი და კიევი მოლაპარაკებებს ოკუპირებული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებით დაიწყებენ, თუმცა არც ევროპა და არც უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად რუსეთის საკუთრებად არ აღიარებს.