„აზოვსტალის“ მებრძოლები შეძლებენ, ოჯახის წევრებთან კონტაქტი შეინარჩუნონ - მონიტორინგს „წითელი ჯვარი“ გაუწევს

წითელი ჯვარი მარიუპოლში

" წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ჯგუფმა ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან უკვე დაარეგისტრირა. 

ეს ინფორმაცია ასოციაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

რეგისტრაციის პროცესი, რომელსაც ICRC-მ ხელი შეუწყო, პერსონალური მონაცემებით ინდივიდუალური ფორმის შევსებას გულისხმობს, როგორიცაა სახელი, დაბადების თარიღი და უახლოესი ნათესავი.

ეს ინფორმაცია ICRC-ს საშუალებას აძლევს, თვალყური დატყვევებულ პირებს ადევნოს და მათ ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

1949 წლის ჟენევის კონვენციების თანახმად, ICRC-ს მიცემული მანდატის შესაბამისად, ICRC-ს უნდა ჰქონდეს დაუყოვნებელი წვდომა ყველა სამხედრო ტყვეზე ყველა იმ ადგილას, სადაც ისინი იმყოფებიან.

ICRC-ს უნდა მიეცეს საშუალება, სამხედრო ტყვეებს კონფიდენციალურად, მოწმეების გარეშე გაესაუბროს.

ასევე, ვიზიტების ხანგრძლივობა და სიხშირე არ უნდა იყოს შეზღუდული. როდესაც გარემოებები იძლევა საშუალებას, კონფლიქტის მონაწილე თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა დაღუპულების მოსაძებნად და ინფორმაციის შესაგროვებლად.

ICRC ინარჩუნებს კონფიდენციალურ დიალოგს კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით.