15 პუნქტიანი გეგმა უკრაინაში ომის შესაწყვეტად - ნახეთ, რა ვარიანტებს განიხილავენ დელეგაციები და რა წერია სამუშაო დოკუმენტში

zelenski

კრემლის ოცნება რომ შესაძლოა მალე ახდეს, ეს დღეს პირველმა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გაახმოვანა. ომისა და მოლაპარაკებების დაწყებიდან 21-ე დღეს რუსულმა მხარემ თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს არიან და რომ კომპრომისულ ვერსიად ზელენსკის მთავრობა უკვე ნეიტრალიტეტის ავსტრიისა და შვედეთის მოდელებს განიხილავს. ყირიმისა და დონბასის საკითხი, კვლავ კრემლის სურვილად რჩება.

Financial Times-ი მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ახლა 15 პუნქტიან გეგმას განიხილავენ. შესაძლო შეთანხმების პირობები ასეთია - ცეცხლი შეწყდება თუ კიევი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე, ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება სამხედრო ძალების შეზღუდვას.

მედიის ინფორმაციით, 15 პუნქტიან გეგმაზე უკრაინელმა და რუსულმა მხარეებმა პირველად ორშაბათის შეხვედრაზე იმსჯელეს. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი რომ მოლაპარაკებებზე სერიოზულად განიხილება, ამას დღეს სერგეი ლავროვიც ამტკიცებდა. რუს დიპლომატს კომპრომისის მოლოდინი აქვს და უკრაინის პოზიციებიც აიმედებს.

კომპრომისისთვის სივრცეს ხედავს უკრანული მხარეც, თუმცა საკუთარი პირობებით. ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა თანახმაა ნეიტრალიტეტზე შვედური ან ავსტრიული მოდელებით. კიევში აცხადებენ, რომ მოლაპარაკება მძიმედ, მაგრამ მაინც წარმატებით მიმდინარეობს.

ზელენსკი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ ნატომ იმედები გაუცრუა. მოლაპარაკებებში პოზიტივსაც ხედავს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, დიალოგის მაგიდასთან რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან უფრო რეალისტური მოთხოვნები ჩნდება.

სამშვიდობო დიალოგის ფონზე, ვლადიმერ პუტინი დღესაც იმუქრებოდა. პირობაც დადო, რომ უკრაინის დემილიტარიზაციის პროცესს ბოლომდე მიიყვანს. ოკუპანტის ქვეყნის ლიდერის სამიზნე კვლავ დასავლეთი იყო, რომელიც პუტინმა ფაშისტებთან გააიგივა.

„თქვენ მარტო არ ხართ“ - უკრაინისთვის ამ სიტყვების სათქმელად სამმა ევროპელმა ლიდერმა კიევში ჩასასვლელად დიდი გზა გაიარა. ისტორია განმეორდა. დედაქალაქზე რუსეთის ჯარების შეტევის მიუხედავად, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის მთავრობის მეთაურები, უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. იყო პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა და მოგვიანებით მხარდამჭერი განცხადებები.