ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა - „ფაინენშალ თაიმსი“

რუბიო

ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შესაბამისი ინფორმაცია მათ მიაწოდეს ანონიმურმა წყაროებმა, რომლებსაც არ დაუკონკრეტებიათ, რომელი პუნქტებია ამოღებული.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილია შემდგომი შეხვედრები საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და, სავარაუდოდ, პოლონეთის, ფინეთისა და ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლებთან.

„ფაინენშალ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ აშშ-მა და უკრაინამ შეიმუშავეს ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე ასპექტებს პრეზიდენტები განიხილავენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შეხვედრა დაძაბული, მაგრამ პროდუქტიული იყო. მისი თქმით, მოგვიანებით შეიქმნა ყურადღებით გადამუშავებული დოკუმენტის პროექტი, რომელმაც ორივე მხარეს „დადებითი“ განწყობა გამოიწვია. სერგეი კისლიცას განმარტებით, რამდენიმესაათიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც დაწყებამდე თითქმის ჩაიშალა, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს რიგ საკითხებზე, მაგრამ ღიად რჩება ყველაზე საკამათო საკითხები, მათ შორის ტერიტორიული საკითხები, და ნატო-ს, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები, რომელთა გადაჭრაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დროს მოხდება.