დაუშვებელია შეთანხმება, რომელიც რამე გზით ძირს უთხრის პოლონეთისა და ევროპის უსაფრთხოებას - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

დაუშვებელია შეთანხმება, რომელიც რამე გზით ძირს უთხრის პოლონეთის და ევროპის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუანდაში ევროკავშირ-აფრიკის სამიტის ფარგლებში მედიასთან საუბრისას უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ტუსკმა მიუღებელი უწოდა აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს.

„ზოგიერთი ამ შეთავაზებიდან მიუღებელია. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პოლონეთისთვის და ჩემი პოზიციაა, რომ დაუშვებელია შეთანხმება, რომელიც რამე გზით ძირს უთხრის პოლონეთის და ევროპის უსაფრთხოებას“, -განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარება არ არის მხოლოდ ევროპის სურვილზე დამოკიდებული.

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ნებასა და განზრახვაზე არ არის დამოკიდებული, გადაწყვეტილება პუტინის, პრეზიდენტ ტრამპის და რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის ხელშია, არა მხოლოდ და არა ძირითადად ევროპელების ხელში. დღეს ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: ევროპა ერთიანია და ევროპის ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სერიოზული პრობლემები გვექნება. ჩემთვის დღეს ალბათ ერთადერთი ოპტიმისტური სიგნალი იყო ის, რომ ევროპა ნამდვილად ერთიანია ფაქტობრივად ყველა დეტალში“, – თქვა პოლონეთის ლიდერმა.