ჟენევაში გამართული შეხვედრა, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავდა, ძალიან წარმატებული იყო - მარკ რუტე

მარკ რუტე

ჟენევაში გამართული შეხვედრა, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავდა, ძალიან წარმატებული იყო, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გეგმა კიდევ უფრო დაიხვეწება. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ შათავაზებულ 28-პუნქტიან გეგმაში არის პუნქტები, რომლებსაც ეთანხმება, თუმცა არის პუნქტები, რომლებსაც ეწინააღმდეგება.

„ბოლო ათი თვის განმავლობაში ვხედავ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი – მარკო რუბიო და, რა თქმა უნდა, პიტ ჰეგსეთი, სტივ ვიტკოფი მართლაც უზარმაზარ ძალისხმევას დებენ ამ ომის დასასრულებლად. არ მინდა გეგმის თითოეული პუნქტის განხილვა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ამჟამად განხილვის პროცესშია. როგორც ვთქვი, გეგმაში ბევრი კარგი პუნქტია, მაგრამ არის ისეთი პუნქტებიც, რომლებიც დამატებით დახვეწას საჭიროებს“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, გასულ კვირაში მედიაში გავრცელდა აშშ-ში შედგენილი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც 28 პუნქტს მოიცავს და რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს. გეგმის ძირითად პუნქტებს უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ნეგატიური შეფასება მოჰყვა. 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდნენ და გეგმის ახალი ვარიანტი წარადგინეს. ცოტა ხნის წინ კი Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სამშვიდობო გეგმა“ 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა. გამოცემამ აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხები აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა უნდა გადაწყვიტონ.