"ჟელე-კანფეტები, წვენები, გაზიანი სასმელები..." - ყველაფერი წითელ საღებავთან დაკავშირებულ რისკებზე, რის გამოც, Red dye No 3-ის გამოყენება აიკრძალა

 სინთეტიკური საღებავი

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მწარმოებლებს საკვებში, სასმელსა და ზოგიერთ მედიკამენტში სინთეტიკური საღებავის, სახელწოდებით „წითელი საღებავი ნომერი 3-ის“ (Red dye No 3) გამოყენება აუკრძალა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მწარმოებელი კომპანიები „წითელ საღებავ ნომერ 3-ს“ საკვების, სასმლისა და მედიკამენტებისთვის წითელი (ალუბლისფერი) შეფერილობის მისაცემად იყენებდნენ.

სურსათის მწარმოებლებმა, რომლებიც თავიანთ პროდუქტებში „წითელ საღებავ ნომერ 3-ს“ იყენებენ, 2027 წლის იანვრამდე აქვთ დრო, რომ სრულად გადახედონ პროდუქციას და აღნიშნული საღებავის მოხმარება შეწყვიტონ.

რამ განაპირობა FDA-ის ეს გადაწყვეტილება?

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „წითელ საღებავ ნომერ 3“-ის აკრძალვის გადაწყვეტილება  მას შემდეგ  მიიღო, რაც კვლევამ აღნიშნული საღებავის მოხმარებასა და ლაბორატორიის თაგვებში კიბოს განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი გამოავლინა.

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში საღებავის ზემოქმედება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კვლევებში მონაწილე თაგვებში.. ჩვენ არ შეგვიძლია ვატაროთ ექსპერიმენტები ადამიანებზე. ამიტომ აკრძალვა უნდა შეეხოს ნებისმიერ პროდუქტსა თუ ნივთიერებას, რომელსაც კიბოს პროვოცირებასთან რაიმე კავშირი აქვს“.

რა არის „წითელ საღებავ ნომერ 3-ი“

„წითელ საღებავ ნომერ 3-ი“ იგივე ერითროზინი, წითელი ფერის, სინთეტიკური საღებავია, რომელსაც ნავთობისგან ამზადებენ. ის საკვებში 1907 წლიდან გამოიყენება.

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დღესდღეობით „წითელ საღებავ ნომერ 3-ს“ იყენებენ ისეთ საკვებ პროდუქტებში, როგორებიცაა: ჟელიბონი, ზეფირი (იგივე მარშმელოუ), გაყინული დესერტები, ისეთები, როგორებიცაა - ნაყინები მარწყვის არომატით ან გაყინული ხილის ნაყინი... ალუბალი, ხილისა და პროტეინის კოქტეილები, ფერადი სასმელები, ტოფუ (იგივე ვეგეტარიანელები ხორცი), ბეკონის ნაჭრები, სოსისი, პუდინგები...

ასევე, „წითელ საღებავ ნომერ 3-ს“ ვხვდებით არაერთ ტკივილგამაყუჩებელ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და ანდიდეპრესანტებში.