1769285986
ყველაზე ხშირად რა თემებით ინტერესდებიან ადამიანები - Google-მა 2025 წლის საძიებო სისტემის შედეგები შეაჯამა
Google-ის საძიებო სისტემამ ყველაზე ტრენდული საძიებო აქტივობების კრებული "Year in Search 2025" გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ძირითად თემებზე, მოვლენებსა და პიროვნებებზე, პოპულარულ კითხვებსა და ვირუსულ ტენდენციებზე, რომლებითაც ადამიანები გასულ წელს ყველაზე ხშირად ინტერესდებოდნენ.
ზემოთ ხსენებულ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული ყველაზე ხშირად გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ამინდი“ ან „სიახლეები“, რადგან ისინი მუდმივად აქტუალურია და ამა თუ იმ პერიოდის უნიკალურ მახასიათებლებს არ ასახავს. აქ დამუშავებულია ისეთი მოთხოვნები, რომელთაც 2025 წლის 1 იანვრიდან 25 ნოემბრამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირეს. ანგარიშის ავტორებმა აქცენტი გააკეთეს ინტერესის ზრდაზე და არა - საძიებო მოთხოვნების საერთო რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, მათივე განმარტებით, 2025 წლისთვის დამახასიათებელი ტენდენციები გამოვლინდა. Google-ის საძიებო სისტემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები Deutsche Welle-მ დაამუშავა და განსაკუთრებული აქცენტი გერმანიისა და უკრაინის მონაცემებზე გააკეთა. როგორც გამოცემა წერს, მიმოხილვაში არ არის გათვალისწინებული რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის მონაცემები.
2025 წლის ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვები
საძიებო ტერმინი „Gemini“ მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია. ეს არის Google-ის ჩატბოტის სახელი, რომელიც ინტეგრირებულია მის თითქმის ყველა მომსახურებაში. ეს მულტიმედიური პერსონალური ასისტენტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი და შექმნილია ყოველდღიური ამოცანების შესრულების, სასწავლო და სამუშაო პროცესის დამხმარედ, რადგან მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან მუშაობა, ტექსტის, სურათების, აუდიოს, კოდებისა და სხვა ინფორმაციის გენერირება. 2025 წელს მეორე ყველაზე პოპულარული გლობალური საძიებო ტერმინი გახდა „ინდოეთი VS ინგლისი“. ამ ქვეყნებს შორის კრიკეტის მატჩი გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოძიებული სპორტული ღონისძიება იყო. მესამე ადგილზე გავიდა „ჩარლი კირკი“. კონსერვატორი ამერიკელი აქტივისტი საძიებო სიის სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც ის სექტემბერში, იუტას უნივერსიტეტში გამოსვლის დროს მოკლეს. ამ მოვლენამ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი და საქმის დეტალებისადმი აქტიური ინტერესი გამოიწვია.
მსოფლიო მოვლენები
2025 წელს არაერთი პოლიტიკური არეულობა და მასშტაბური კატასტროფა მოხდა. ზემოთ ხსენებული ჩარლი კირკის მკვლელობა ხსნის მნიშვნელოვანი მოვლენების იმ ჩამონათვალს, რომელთაც მსოფლიო ახალი ამბების დღის წესრიგი ჩამოაყალიბეს. საკმაოდ მოთხოვნადი იყო ისრაელსა და ირანს შორის „12-დღიანი ომის“ შესახებ ინფორმაცია, რომელმაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. საძიებო სისტემის სათავეში იყო აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“, რომლის შედეგადაც ადმინისტრაციის მუშაობა 43 დღით შეჩერდა. გარდა ამისა, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ახალი პაპის არჩევნებისკენ, ლოს-ანჯელესის ხანძრისა და ქარიშხალ „მელისასკენ“. ამასთანავე, ინტერესის საგანი იყო აშშ-ში TikTok-ის გაყიდვა, ნიუ-იორკის მერად ზოჰრან მამდანის არჩევა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შემცირება.
2025 წლის ყველაზე განხილვადი პიროვნებები
Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე მოთხოვნადი ადამიანი ამერიკელი მომღერალი D4vd (დევიდ ენტონი ბერკი) გახდა. ამის მიზეზი იყო მისი სადებიუტო ალბომი Withered-ი და სისხლის კრიმინალური გამოძიება. კერძოდ, სექტემბერში, მომღერლის მანქანის საბარგულში იპოვეს 14 წლის გოგონას გვამი, რამაც ის მკვლელობის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად აქცია. ხუთეულში შედიოდნენ ამერიკელი რეპერი კენდრიკ ლამარი, ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას ხშირად საჯაროდ დასცინის, 22 წლის ტაილერ რობინსონი, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობაშია ბრალდებული და ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი, რომელიც პონტიფიკოსად აირჩიეს და ამჟამად პაპ ლეო XIV-ის სახელით არის ცნობილი.
ძიების პოპულარული ტენდენციები გერმანიაში
გერმანელ პერსონებს შორის, რეიტინგში პირველ ადგილზე რეპერი Haftbefehl-ი (ნამდვილი სახელი აიკუტ ანხანი) აღმოჩნდა. პლატფორმა Netflix-ზე დოკუმენტური ფილმის "Babo - Die Haftbefehl-Story" გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მუსიკოსი გულახდილად ყვება წარმატებისკენ მიმავალ გზასა და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაზე, მან ძიების სიხშირით ფედერალურ კანცლერ ფრიდრიხ მერცსაც კი გაუსწრო. მესამე ადგილი ერგო მემარცხენე პარტიის წარმომადგენელ ჰაიდი რაიხინეკს, რომელიც სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით კი - TikTok-ში, ყველაზე წარმატებულ გერმანელ პოლიტიკოსად ითვლება. 2025 წლის არჩევნების შემდეგ, ის ბუნდესტაგში მემარცხენე ფრაქციის თანათავმჯდომარე გახდა.
ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვები უკრაინაში
„შუქის ჩართვის გრაფიკი“ არის ყველაზე გავრცელებული საძიებო ფრაზა უკრაინელებს შორის, რომლებიც თითქმის ოთხი წელია ომის პირობებში ცხოვრობენ. სამეულში შედის სამხრეთ კორეული სერიალის - „კალმარის თამაშის“ მეორე სეზონის შესახებ დასმული შეკითხვები. ამასთანავე, უკრაინელები აქტიურად ეძებდნენ ინფორმაციას „ლაბუბუს“ სათამაშოებზე.
Google-ის საძიებო სისტემაში უკრაინელები განსაკუთრებით ხშირად სვამდნენ კითხვებს „თეთრი ბილეთის“, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და „მობილიზაციის ბრძანების“ მნიშვნელობის შესახებ. სავსებით ბუნებრივია, რომ უკრაინელები ყველაზე ხშირად სამხედრო თემასთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდებოდნენ.












