Welt: ევროკავშირში თითქმის ყოველი მესამე ქალი (30%) 15 წლის ასაკიდან ძალადობის მსხვერპლია

ქალი

 ევროკავშირში თითქმის ყოველი მესამე ქალი (30%) 15 წლის ასაკიდან ძალადობის მსხვერპლია, - წერს გერმანული გამოცემა Welt-ი ევროპარლამენტის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით. პრობლემა კვლავ ფართოდ გავრცელებულია და ფარული ძალადობის დონე უკიდურესად მაღალია.

განსაკუთრებით დაუცველები არიან მიგრანტი ქალები, ხანდაზმული ქალები და სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრები პირები, ხაზს უსვამს სტატიის ავტორი.

გერმანია სტატისტიკური რეიტინგის შუაში იმყოფება. 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების თითქმის 15%-ს ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა, ხოლო 11%-ს - ფიზიკური (არასექსუალური) ძალადობა. განსაკუთრებით დრამატული სიტუაციაა სკანდინავიაში, რომელიც, როგორც წესი, გენდერული თანასწორობის სფეროში მშვიდობიან, მეგობრულ და განვითარებულ რეგიონად ითვლება: შვედეთში ქალების 40%-ზე მეტი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ფინეთში - 37%, დანიაში - 33%. ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია პორტუგალიაში (6%), პოლონეთში (5%) და ბულგარეთში (3%).

მონაცემები მომდინარეობს ევროპის სტატისტიკური ოფისის, ევროსტატის, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტისა (EIGE) და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სააგენტოს (FRA) მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევისგან. 2020 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მარტამდე ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში სულ 114 023 ქალი გამოიკითხა.