ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია.

„25 წელზე მეტი წლის წინ, როდესაც პუტინს ძალაუფლება აჩუქეს, ყოველდღიურად, უკრაინის გავლით რუსული გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს, დღეს რუსული გაზის ტრანზიტის მაჩვენებელი ნულია. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად, მოსკოვმა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი დაკარგა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში საერთო ამოცანა ახლა მოლდოვის მხარდაჭერაა.

„ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად, მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ. ჩვენ ასევე ნამდვილად ვიმედოვნებთ ევროპაში ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდას, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე ისაუბრა. თანამშრომლობა და ბაზარზე არსებული პარტნიორების მაქსიმალური შეთავაზებები ფასებს უფრო კომფორტულს გახდის“, – განაცხადა ზელენსკიმ.