ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

ვლადიმერ პუტინი

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.

„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.

„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.