ვიქტორ ორბანი - ევროკავშირში უნგრეთის მიღება წევრებისთვის სარგებლის მომტანი იყო, უკრაინის გაწევრიანება კი არ არის კარგი გარიგება, უკრაინა არ არის დამატებითი ღირებულება, ის ტვირთია

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირში უნგრეთის მიღება წევრი ქვეყნებისთვის სარგებლის მომტანი იყო. უკრაინის გაწევრიანება კი არ არის კარგი გარიგება, არამედ ტვირთია.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „იქსში“„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის განცხადების პასუხად დაწერა.

„დღევანდელ პრესკონფერენციაზე მანფრედ ვებერმა უნგრელ ხალხს გზავნილით მიმართა. პასუხად, ნუ გავჩუმდებით! უნგრეთი მიიღეს ევროკავშირში, რადგან ეს სარგებლის მომტანი იყო წევრი ქვეყნებისთვის. ეს კარგი გარიგება იყო. გერმანიისთვისაც, ბატონო ვებერ. უკრაინის გაწევრიანება არ არის კარგი გარიგება. უკრაინა არ არის დამატებითი ღირებულება, არამედ ტვირთია. დიდი შეცდომაა უკრაინაში ევროპული დაფინანსების გაგზავნა, მისი გასაჭირში მყოფი ევროპული ეკონომიკის გასაძლიერებლად გამოყენების ნაცვლად. დროა, ევროპელი ლიდერები გახდნენ ევროპელი ხალხის წარმომადგენლები, ბატონო ვებერ!“ – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.